საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიაში ჩავიდა, სადაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენი გუნდი ავსტრიის ქალაქ გეინბერგში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. მოსამზადებელი ეტაპის პირველ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 29 მაისს გამართავს.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ვილი სანიოლის გუნდი 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.