საგურამოში გამართულ პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად „ჯვაროსნების“ კაპიტანი გურამ კაშია ესწრებოდა და ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, რთულ ჯგუფში მოვხვდით. ბევრი ახალგაზრდა გვყავს და ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ, რომ წარმატებულად ვითამაშოთ.
ადვილად ვერავისთან მოვიგებთ. მეგობრები მეუბნებიან, ჩეხეთს იოლად მოუგებთო. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, საქართველოს ნაკრები ტოპ-გუნდია, მაგრამ ასე არაა. ახლა, ისევ ისე უნდა მოვინდომოთ, როგორც ევრო 2024-ზე. ჩვენი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა. მაგრამ ეს ურთულესი გზაა.
როგორ გადავეწყობით „მიხეილ მესხის“ სტადიონზე თამაშზე? ჩემთვის უმჯობესია „დინამო“, მაგრამ მთავარია, ტრიბუნები სავსე იყოს.
ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან განსაკუთრებით სტანდარტული მდგომარეობისას გაგვიჭირდა, ფიზიკურად ძლიერები და ჩვენზე მაღლები არიან. ამიტომ ხვალ ბევრი ფიზიკური ორთაბრძოლის მოგება მოგვიწევს“.