16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს Wizz Air-ის მიერ ცოტა ხნის წინ დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, 3 ქალაქის: ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენის მიმართულებით კი რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის 3 განახლებული და სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz Air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.
"მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. 9 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოვებას განაგრძობს. ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. ასევე კვლავ დაბრუნდება ის სამი მიმართულება, რომელიც პანდემიამდე ძალიან მოთხოვნადი იყო საქართველოს მოქალაქეებში",-განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით საქართველოში Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტის სამუშაო შედგა.
ვიზიტის შედეგად ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები 28 სექტემბრიდან კვირაში 2 სიხშირით შესრულდება, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კიდევ 4 მიმართულება დაემატება.