უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიისთვის ქართული ავიაბაზარი კვლავ მიმზიდველია. Wizz Air-ი საქართველოში ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს. სამომავლო გეგმებზე „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო საუბრობს. მისი განმარტებით, გეგმაში იმ 40-მდე მიმართულების ფრენების აღდგენაა, რომელზეც Wizz Air-ი პანდემიამდე დაფრინავდა.
“ჩვენ მთავრობასთან დიალოგის მუდმივ რეჟიმში ვართ. ყოველთვის გვაქვს მათთან მოლაპარაკებები. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ შეგვიძლია დაბრუნება და ოპერირების განახლება. ოპერირების განახლებას ჩვენ მარტში ვგეგმავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც იმ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის იმოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“,- ამბობს ანდრაშ რადო.
ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არც ახალი მიმართულებების დამატებას გამორიცხავს.„ჩვენ ქუთაისიდან ჩვეულებრივი პირობების დროს დაახლოებით 30-40 მიმართულებით დავფრინავდით. გვსურს, რომ ყველა მიმართულება აღვადგინოთ. და ასევე რამდენიმე ახალიც დავამატოთ. მაგრამ ამაზე საუბარი რელევანტური მარტში იქნება“,- დასძინა ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.