პირველი არხის შენობა 77 მილიონ ლარად "ვისოლ ჯგუფმა" შეიძინა, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხის გადაცემა "ბიზნესპარტნიორი" აქვეყნებს.
პირველი არხის უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული. შესაბამისად, აუქციონზე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება 2,309 ლარი, ანუ 813 დოლარი იყო.
შენობის ღირებულება დღგ-ის გარეშე 65 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღგ-ის ჩათვლით მისი ფასი 76.7 მილიონი ლარი. უძრავი ქონების აუქციონში საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა დააფიქსირა, შესაბამისად, ტელევიზიის შენობა ერთი ბიჯით გაიყიდა.
"ქონების საწყისი ღირებულება შეადგენს 65 000 000 ლარს, დღგ-ს გარეშე. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება - 76 700 000 ლარი გადახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში
20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა
20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა
7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა
7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,"- ნათქვამია აუქციონის პირობებში.
პარალელურად, პირველმა არხმა გამოაცხადა 41-მილიონიანი ტენდერი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე შენობის რემონტისთვის.