გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, აშშ-ში ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობად, ქვეყანაში წარმოების გასაზრდელად საქართველოს მთავრობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები იხარჯება.
მისივე განმარტებით, ასევე აქცენტი კეთდება საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაზე, სადაც ქართველ მეწარმეებს კონტაქტების დამყარებისა და ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა ეძლევათ.
„გამოწვევა არის და სწორედ ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 15-მდე პროექტი ხორციელდება, 350 მლნ ლარამდე არის სხვადასხვა მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი. ეს მოიცავს გადამმუშავებელი საწარმოების და შემნახველი მეურნეობების შექმნას, საწარმოების გადაიარაღებას, ახალი ბაღებს გაშენებას. იცით, რომ 22 000 ჰექტრამდე ახალი ბაღი სწორედ ჩვენი მხარდაჭერით არის გაშენებული. აქედან ყოველწლიურად გაცილებით მეტ პროდუქტს მივიღებთ. რაც შეეხება ექსპორტს, ყოველწლიურად მზარდია ექსპორტი. 2023 წელს სასოფლო მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა. ყოველწლიურად ახალი რეკორდი გვაქვს და მზარდია 10-15%-ის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვზრდით წარმოებას და ვაძლევთ შესაძლებლობას ფერმერებს, წვდომა ჰქონდეთ პრიორიტეტულ ბაზრებზე. ასევე, ჩვენ წელს რეკორდულ თანხას – 19 მილიონამდე ლარს დავხარჯავთ იმისთვის, რომ ჩვენი ფერმერები, მეწარმეები წარმოდგენილი იყვნენ ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე, რათა დაამყარონ კონტაქტები და ექსპორტი გაზარდონ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ 30 წელზე მეტია, საქართველოს ამერიკისგან ძლიერი მხარდაჭერა აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.