„ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტს უკვე წარედგინა, უნებართვო გარე ვაჭრობაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.
მოქმედი კოდექსით დადგენილი ნორმის თანახმად, გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე იწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამასთან, იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან – იწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
არსებული რეგულაცია უცვლელი სახით რჩება, თუმცა პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ნორმას ემატება სანქციები აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის და ასევე, აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის.
უფრო კონკრეტულად, კანონის პროექტის თანხმად, უნებართვოდ გარე ვაჭრობის განმეორების შემთხვევაში ფიზიკური ან იურიდიული პირი დაჯარიმდებიან 100-დან 200 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით.
ამასთან, ეს უკანასკნელი ქმედება, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ორგანოს ან უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.