უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალების შეტევა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების ექვს დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქებზე 10 სარაკეტო და 58 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 60-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. ასევე რუსულმა ძალებმა გამოიყენეს ირანული წარმოების 43 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 38 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
მტრის სამიზნე გახდა 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, კერძოდ, კიევის, ოდესის, მიკოლაევის, დონეცკის და ხერსონის ოლქები.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დარტყმა ოკუპანტების სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების კონცენტრაციის 18 რაიონზე, ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების სამ პოზიციაზე განახორციელეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს სამი ფრთოსანი რაკეტა. განადგურებულია საბრძოლო მასალების საწყობი.