შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, თვითნებურად გახსნის შემთხვევაში, რესტორნები დაჯარიმდებიან.
როგორც ბექა ფერაძემ რესტორნების მიერ 6 თებერვალს თვითნებურად გახსნის დაანონსების კომენტირებისას აღნიშნა, იმედი აქვს, რომ კვირის ბოლომდე რესტორნებთან კონსენსუსის მიღწევა მოხდება.
„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ბიზნესთან კომუნიკაციაში. მე პირადი სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს მათთან და იმედი მაქვს, რომ კვირის განმავლობაში კონსენსუსამდე მივალთ და ასეთი რადიკალური ზომები მიღებული არ იქნება მათი მხრიდან, ვინაიდან ამის საფუძველი არ არსებობს. თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება და იმედი მაქვს, რომ ამ დონეზე არ მივა ჩვენი ურთიერთობა, სანქციები, ბუნებრივია, იქნება გამოყენებული. ესაა 2 000 ლარი ფიზიკური პირის, ხოლო 10 000 ლარი იურიდიული პირის მიმართ, ხოლო განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ასევე იწვევს ობიექტის დალუქვას“,- აღნიშნა მან.
ცნობისთვის, რესტორნების ნაწილი შაბათს თვითნებურად გახსნას გეგმავს.