ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტის მედიაციაში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოც ჩაერთო და მთავრობა საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებს.
“ჩვენი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილია. ფაქტობრივად, მორატორიუმი არის კაშხლის მშენებლობაზე 12 თვის ვადით გამოცხადებული. გაგრძელდება კვლევები. ასევე თქვენ იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ჩაერთო პირადად ჩვენი თხოვნით და საქართველოს მთავრობის მოწვევით ამ მედიაციის პროცესში. მედიაცია იქნება მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის. მედიაცია შეეხება იმ საკითხებს, თუ რამდენად სწორად იყო პროცესი წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასების მხრივ. ასევე ახლა როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები, რაც პროექტის მიმართ ნდობას გააჩენს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონმდებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ. დანარჩენი თავად ინვესტორის პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ნათია თურნავამ.