თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) მხარდაჭერით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ქალაქ ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეს თოლგა თოლუნაის შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის მიზანი, 2020 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმია.
უწყების ცნობით, მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელებასა და ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღებაზე ისაუბრეს. განიხილეს სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
"საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე, თურქულმა მხარემ საქართველოში, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა. კერძოდ, საუბარი შეეხო ფარმაცევტული პროდუქციის მნიშვნელოვნად დაბალ ფასში მოწოდებას"-ნათქვამია უწყების ინფორმაციაში, თუმცა სხვა მეტი დეტალი მასში დაკონკრეტებული არ არის.