„თუ ვენახი სათანადოდ არის მოვლილი, 17%-იანი შაქრიანობის მიღწევა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს,“ - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას აღნიშნულ კომენტარს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მისივე შეფასებით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი დიფერენცირებული ფასები, ხარისხიანი ყურძნის მოსავლის მიღებას შეუწყობს ხელს.
„ფასების დიფერენციაცია მევენახისთვის მოტივაციაა, აწარმოოს ხარისხიანი ყურძენი. საქართველოში, თუ ვენახი შესაბამის მევენახეობის ზონაშია გაშენებული და სათანადოდ არის მოვლილი, 17%-იანი შაქრიანობის მიღწევა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
თუ ეს მაჩვენებელი ვერ მიიღწევა, მიზეზი, როგორც წესი, აგროტექნიკური მოთხოვნების დარღვევაა: ზედმეტი მორწყვა, შხამ-ქიმიკატებისა და სასუქების ჭარბი გამოყენება ან ვენახის გაშენება ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მევენახეობისთვის არ არის რეკომენდებული, მაგალითად, ჭალაში ან მაღალმთიან ზონაში“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.