წყალტუბოში, სოფელ ქვილიშორში, პრომეთეს მღვიმესთან ახალი სასტუმრო-კომპლექსი „Prometheus Epic Hotel & Spa“ გაიხსნა, რომელიც 26-ნომრიან სასტუმროს, ღვინის მუზეუმს, რესტორანს, ორი ტიპის აუზსა და ჯაკუზს, ასევე საუნას აერთიანებს. პროექტში ჯამში დაახლოებით 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო და ის ორგანიზაცია „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ კომპლექსი რეგიონში 60 ადამიანს ასაქმებს.
სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი ნინო ჯაფარიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ „Prometheus Epic Hotel & Spa“ წყალტუბოში ერთ-ერთი მასშტაბური კომპლექსია და ის, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს მასპინძლობს. რაც შეეხება სასტუმროში განთავსების ღირებულებას, ნომრის ფასი საუზმით სეზონზე დაახლოებით 240 ლარია.
„სასტუმრო 1 წელია, რაც გაიხსნა. ეს მეგობრების ბიზნესია, თავდაპირველად მხოლოდ ერთ-ერთ ჩვენგანს ჰქონდა მიწა, შემდგომ მეორე მეგობარმაც იყიდა, შემდეგ კიდევ ერთმა და ასე, ერთიანი ძალებით ტერიტორია გავაერთიანეთ და ტურისტული კომპლექსი ავაშენეთ. სასტუმრო ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილ 26 ნომერს, ორი ტიპის აუზსა და ჯაკუზს, საუნებს, ღვინის მუზეუმს და რესტორანს აერთიანებს. უკვე ერთი თვეა საკმაოდ აქტიური სეზონი დაიწყო, გასულ წელს პანდემიის გამო რამდენიმე დღე დავიხურეთ კიდეც. ამ ეტაპზე გვყავს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამსვენებლებიც. ადგილზე 60-მდე ადამიანს ვასაქმებთ. ცუდია, რომ ადგილობრივებს მუშაობა არ უნდათ, ამიტომ ძირითადი კადრები ქუთაისიდან გვყავს“, - აღნიშნავს „Prometheus Epic Hotel & Spa“-ს მფლობელი. ნინო ჯაფარიძე სასტუმროს სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, „Prometheus Epic Hotel & Spa“ ჯამში 3000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კი აუთვისებელია, ამიტომ კომპლექსი გაფართოებას განიხილავს. „წყალტუბოს დიდი პოტენციალი აქვს. ადგილზე საბავშვო ატრაქციებისა და კოტეჯების განთავსებას ვაპირებთ“ - ამბობს ის.