ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, წლის ბოლომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალ ტერიტოტორიაზე ახალი შენობა ექნება.
დღეს, 31 იანვარს, მთავრობის სხდომის შემდეგ, მინისტრმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება დაჩქარებულად მიიღეს.
„იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა, როგორც იქ იმ მოიჯარისთვის, სადაც არის ახლა ინფექციური საავადმყოფო, ასევე ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ უკვე ახალ ტერიტორიაზე ადავიყვანთ მათ და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტის კლინიკა,“ – ამბობს ის.
დამატებით კითხვაზე პასუხად, აზარაშვილი დასძენს, რომ ეს „არის ძალიან კარგი, ახალაშენებული შენობა, დაახლოებით, 15 000 კვადრატულ მეტრამდე“.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის აუცილებლობის შესახებ თავად კლინიკა არაერთი წელია, რაც საუბრობს. ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის დროს.