გამოცემის სტატიის თანახმად, ქართველი დეველოპერების ჯგუფი მიმდინარე კვირაში Trump Tower Tbilisi-ს ვიზუალური პროექტების წარდგენას გეგმავს, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.
სტატიის სათაური შემდეგია: „უახლესი ადგილი Trump Tower-ისთვის: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება“.
„თბილისში ცათამბჯენის აშენება იმ მიწაზე იგეგმება, რომელიც აშშ-ის მიერ დასანქცირებულ მილიარდერთან დაკავშირებული ფონდისგან შეიძინეს. ბოლო წლებში, აშშ-ის ურთიერთობები კავკასიაში მდებარე საქართველოსთან ცივი გახდა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განსხვავებული აზრის ჩახშობა დაიწყო და ვლადიმერ პუტინის რუსეთთან დაახლოების კურსი აირჩია. ამ ცვლილებამ ერთი ამერიკული ბიზნესი ვერ დააფრთხო: Trump Organization-ი. ქართულმა საინვესტიციო კომპანიებმა ტრამპის ოჯახთან 70-სართულიანი ცათამბჯენის ბრენდინგის შესახებ შეთანხმებას ხელი მაისში მოაწერეს“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, Trump Organization-ი დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული შეშფოთებების გამო უცხოურ შეთანხმებებს არ აფორმებდა, თუმცა ტრამპის მეორე ვადის მიმდინარეობისას ორგანიზაციამ საკუთარი თავისთვის დაწესებული შეზღუდვა გააუქმა.
WSJ-ის მონაცემებით, გასულ წელს დონალდ ტრამპმა უცხოეთში უძრავი ქონების ლიცენზირების შეთანხმებებიდან 59 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც აღემატება 2024 წელს მიღებულ 45 მილიონსა და სხვა წინა წლების მაჩვენებლებს.
„თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი მხოლოდ ამერიკის მოსახლეობის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს და მის ბიზნესებთან არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის Trump-ის სახელით აღმართვა, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით განსაკუთრებულ დისონანსს ქმნის“, - წერია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო აშშ-ის ყველაზე მჭიდრო პარტნიორი იყო.
„ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ის კრიტიკა გამოიწვია განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით კანონმდებლობის მიღებისთვის და რუსეთთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო. ბაიდენის ადმინისტრაციამ დემოკრატიული უკუსვლა საჯაროდ გააკრიტიკა, ხოლო ურთიერთობები კვლავ ცივი რჩება ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდშიც: სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გასულ წელს მოსმენაზე, საქართველოს მთავრობა „ანტიამერიკულ მთავრობად“ მოიხსენია. ამავდროულად, აღნიშნულმა პროექტმა აშშ-ის მიერ 2024 წლის ბოლოს დასანქცირებული ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ფინანსური სარგებელი მოუტანა“, - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ დეველოპერებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ ფონდთან მიწის შესაძენად შეთანხმება 2023 წელს გააფორმეს და შეთანხმდნენ, რომ მოგვიანებით 85 მილიონ დოლარამდე თანხას გადაიხდიდნენ. პროექტის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ დეველოპერებმა თანხა ეტაპობრივად გადაიხადეს და შეთანხმება სრულად ივლისში დაიფარა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, გასულ წელს საქართველოში ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერი ალექს საფირი შეხვდა ინვესტორებს, ხოლო მიმდინარე წლის მაისში ფლორიდაში, ქართველმა ინვესტორებმა შეთანხმება ერიკ ტრამპთან გააფორმეს. გამოცემა წერს, რომ ქართველ ინვესტორებს შორის იყო საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ილია წულაია.
გამოცემის ინფორმაციით, ილია წულაია გასულ წელს ვაშინგტონში ჩასული დელეგაციის წევრი იყო, რომელიც ამერიკელ კანონმდებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საუბარში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას ხაზს უსვამდა.
ამერიკელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქართული დელეგაცია ცდილობდა მკაფიოდ ეჩვენებინა ის, რომ ვაშინგტონში ახალ ადმინისტრაციასთან უკეთესი ურთიერთობებითა და სანქციების შემსუბუქებით იყო დაინტერესებული.