NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 4 000 შემთხვევა რეალურ სურათს არ ასახავს, რამდენადაც დადებითობის დღიური მაჩვენებელი 40%-ზე მეტი იყო. ამასთან, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იყო ტექნიკური მიზეზებიც, რის გამოც ყველა ჩატარებული ტესტის პასუხი სისტემაში გუშინ ვერ აიტვირთა:
„დღეს 4 ათასი შემთხვევა და 21 გარდაცვალება გვქონდა. ეს რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი 40%-მდე. ვერ მოხდა ტექნიკური მიზეზების გამო ყველა შემთხვევის ატვირთვა. იმიტომ, რომ შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა, დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ. ხვალ იქნება განახლებული რიცხვები როგორც კვირის, ასევე ორშაბათის“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ამჟამად ქვეყანა კორონავირუსის მეექვსე ტალღის გავრცელების პიკშია, თუმცა ამბობს, რომ მიმდინარე კვირიდან შემთხვევების დღიური რაოდენობის კლებაა მოსალოდნელი:
„სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომიკრონის ცირკულაციის ფონზე თანდათან უნდა დაიწყოს [უკან დახევა]. ჩვენ ახლა ვართ პიკში და პიკის გადავლის ეტაპი ამ კვირაში მაინც უნდა დაიწყოს“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი.
როგორც წესი, კვირა დღეს ნაკლები ტესტი ტარდება. შესაბამისად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 688 ტესტი, გამოჯანმრთელდა 22 517 ადამიანი.