თბილისში, ლილოში McDonald’s-ის ბურგერის პურის ქარხნის მშენებლობა იწყება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება €6 მილიონია.
როგორც „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელი ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, წინასწარი გეგმის მიხედვით, საქართველოში წარმოებული პროდუქტით, აზერბაიჯანსა და სამხრეთ რუსეთში მდებარე "მაკდონალდსის" რესტორნები მომარაგდება.
„თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გავხსნით ულტრათანამედროვე პურის ქარხანას "მაკდონალდისათვის". ეს მეოთხე იქნება მსოფლიოში იმ რეცეპტებით და ტექნოლოგიებით, რასაც ვნერგავთ საქართველოში. დაახლოებით, 6 მლნ ევროს ინვესტიციას ვაკეთებთ ლილოში. ახლა დანადგარების მონტაჟი და ქარხნის გამართვა მიდის. წარმოუდგენელი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც ხარისხობრივ მაჩვენებელსაც მაღლა სწევს. ეს არის საექსპორტო პროდუქცია, რომელიც უნდა მივაწოდოთ აზერბაიჯანს, სადაც 22 რესტორანია და შესაძლებელია სამხრეთ რუსეთსაც მივაწოდოთ, ესაა პროგრამა“, - აცხადებს თემურ ჭყონია.
ბიზნესმენი ამბობს, რომ მათ გეგმაშია, ასევე, წელს "მაკდონალდსის" 3 რესტორნის გახსნა. მათ შორის ორი - თბილისში და ერთი რეგიონში იქნება წარმოდგენილი.