თბილისში, რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ ახალი ჰიდროელექტროსადგურის და ამავე ჰიდროელექტროსადგურში განთავსებული DATA ცენტრის მშენებლობა იგეგმება - ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა. ჰესის დადგმული სიმძლავრე აშენების შემთხვევაში 3.7 მეგავატი იქნება. წარდგენილი პროექტის თანახმად, ჰესს გასაგერი რეზინის კაშხალი ექნება.
პროექტის განმახორციელებელია შპს „ჯორჯიან გრინ ენერჯი“, პარტნიორობაში შპს „დიჯითალ ბილიკთან“. დაგეგმილი ჰესი აღჭურვილი იქნება არქიმედეს ხრახნული ტიპის ტურბინებითა და გასაბერი რეზინის კაშხლით, რაც, დეველოპერის განმარტებით, მიზნად ისახავს მდინარის ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმის მაქსიმალურად შენარჩუნებას და ეკოსისტემაზე ზემოქმედების შემცირებას.
"გასაბერი რეზინის კაშხლის დანიშნულებას წარმოადგენს წყლის დონის აწევა ზედა ბიეფში, როგორც მდინარის ძირითად კალაპოტში, ისე შენაკადი არხის მონაკვეთზე. გაბერილ მდგომარეობაში მყოფი რეზინის კაშხალი უზრუნველყოფს წყლის საკმარის დონეზე აწევას ოთხი არქიმედეს ხრახნული ტურბინის მიერ ელექტროენერგიის გენერაციისთვის საჭირო დაწნევის შესაქმნელად.
მდინარის შუა ნაწილში ბეტონის ასაწყობი კონსტრუქციის გამოყენებით დამონტაჟებული იქნება 75 მ სიგრძის გასაბერი რეზინის კაშხალი, რომელიც მდინარეში გაიყოფა ორ მონაკვეთად/სეგმენტად, როგორც ფიგურა 4-ზეა წარმოდგენილი. როდესაც კაშხალი გაბერილია დაახლოებით 5 მ სიმაღლეზე, ის ზრდის წყლის დონეს ზედა ბიეფში, დაახლოებით 2.5 კმ სიგრძის მონაკვეთზე, 225,000 მ2 ფართობზე და არეგულირებს დაახლოებით 475,000 მ3 მოცულობის წყალს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული კონსრუქციის მდინარეში განთავსება არ გულისხმობს წყლის შესანახი რეზერვუარის შექმნას ან ჩამონადენის უწვეტობის შემცირებას. კაშხლით მხოლოდ წყლის ჩამონადენის სიმაღლე რეგულირდება, სანამ ქვედა ბიეფში გაივლის. კაშხალი უბრალოდ ამაღლებს წყლის დონეს, რათა წყალმიმღებთან შექმნას საკმარისი დაწნევა, რომელიც საჭიროა ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად,"- ნათქვამია პროექტის განმარტებით დოკუმენტაციაში.
საპროექტო მონაცემებით, ჰესის წლიური გამომუშავება დაახლოებით 26 მილიონ კილოვატსაათს შეადგენს. გამომუშავებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი გამოყენებული იქნება მონაცემთა ცენტრის ენერგომომარაგებისთვის, რაც პროექტის ავტორების შეფასებით, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდას და ელექტროქსელზე დამოკიდებულების ნაწილობრივ შემცირებას.
პროექტი ამჟამად გადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, განსაზღვრულია პოტენციური ზემოქმედების არეალები და შემუშავებულია წინასწარი რეკომენდაციები, რომლებიც მოიცავს წყლის რესურსების მართვას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და სამშენებლო ეტაპზე გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას.
პროექტს ორი შპს - შპს დიჯითალ ბილიკი და შპს გრინ ენერჯი ახორციელებენ, ორივე კომპანიის აქციონერები აზერბაიჯანელი ბიზნესმენები - შაჰინ მოვსუმოვი და რაშად ისმაილოვი არიან.
წყარო: BMG