„თიბისი კაპიტალის“ ახალი კვლევის თანახმად, თებერვლის მონაცემებით, ერთწლიან პერსპექტივაში თბილისში ბინების ფასი 15.3%-ითაა გაზრდილი, ბინის ქირა კი – 27.2%-ით.
„თიბისი კაპიტალი“ „თიბისი ბანკის“ საკონსულტაციო ფირმაა, რომელიც უძრავი ქონების ბაზარს ყოველთვიურად აკვირდება.
„თიბისი კაპიტალის“ მიერ 16 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, – რომელიც თებერვლის მონაცემებს მიმოიხილავს, – ერთთვიან პერსპექტივაში ასეთი ვითარებაა:
2022 წლის თებერვალში, 2022 წლის იანვართან შედარებით:
თბილისში ბინის გაყიდვებმა 25%-ით მოიმატა,
ბინების ფასმა – 5.6%-ით,
ბინის ქირამ კი – 5.9%-ით.
ამასთან, ერთი კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ 887 აშშ დოლარია, ხოლო ერთი კვადრატული მეტრის ქირაობა საშუალოდ 5.9 დოლარი ჯდება.
ამასთან, გაზრდილია გაყიდვების და გაქირავებების რაოდენობა. კერძოდ, ბინების გაყიდვები ყველაზე მეტად გახშირებულია ჩუღურეთში – გასულ წელთან შედარებით 65%-ით. ამავე ანგარიშის თანახმად, დიდ დიღომში ბინების ფასი 32%-ითაა მომატებული, ვაკეში კი – 36%-ით.
ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების შეჭრის, რუსეთის მოქალაქეების ნაწილის საქართველოში შემოდინებისა და ამ საკითხზე საზოგადოებრივი განხილვების ფონზე, თბილისში, – განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, – უძრავი ქონების გაქირავების ფასებმა მოიმატა.
მართალია, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში განსაკუთრებულად ბევრი რუსეთის მოქალაქე არ შემოსულა, თუმცა უძრავი ქონების სააგენტოები ბინის ქირის მატების მიზეზად სწორედ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ასახელებენ.