კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანია მოუწოდებს მგზავრებს, 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან.
„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
კერძოდ, აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე; აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა მიკროავტობუსებში; სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. ამასთან ერთად მოგახსენებთ რომ COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველ დღე ჩაუტარებს დეზინფექციას.
კომპანია თბილისის მიკროავტობუსი უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე და დაიცვას ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება. “თბილისის მიკროავტობუსი” გაცნობებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ 19 -ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას.
“თბილისის მიკროავტობუსი” კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.