შპს „თბილისი ენერჯი“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულებას ამცირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.
„კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. გამომდინარე აქედან, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. აქვე, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.