რაიმე საფუძველი, რომ თამბაქოს სტანდარტიზებულად შეფუთვის გადაწყვეტილების გადავადებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს, პირიქით, ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით, რათა მოთხოვნები, რომელიც საქართველოს კანონდებლობით არის დადგენილი და რომელიც უკავშირდება თამბაქოს კონტროლს, შესრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სიგარეტის სადა შეფუთვის რეგულაცია არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა თამბაქოს კონტროლში დაწესებული ამოცანები, რომელსაც ქვეყანა ამდენი ხანი წარმატებით ართმევს თავს და რომელიც ასახულია საკანონმდებლო დოკუმენტებში, ბოლომდე შესრულდეს.
„რაც შეეხება სადა შეფუთვას, მთავრობის დადგენილება გამოცემულია, რომელიც აზუსტებს ტექნიკურ მოთხოვნებს, თუ რას ნიშნავს სადა შეფუთვა. ამოქმედების ვადა პირველი იანვარი. რაიმე საფუძველი, რომ გადავადებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს, პირიქით, ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით, რათა მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება თამბაქოს კონტროლს, რაც არის უკვე დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, შესრულდეს. ეს ასევე გვაახლოებს ევროკავშირის მოთხოვნებთან, ევროდირექტივებთან და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა პრევენციული ზომები, რაც უკავშირდება თამბაქოს მოწევის შეწყვეტას და თამბაქოს მოწევით გამოწვეულ მთელ რიგ დაავადებებს, თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
მთავრობის დადგენილებით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქო ახალი შეფუთვით გაიყიდება. სტანდარტიზებულმა ანუ სადა შეფუთვამ პროდუქტი ისე უნდა გარდაქმნას, რომ თამბაქოს მიმზიდველობა შეამციროს და მომხმარებელმა ერთი ბრენდის ნაწარმი მეორესგან მარტივად, ერთი შეხედვით ვერ გაარჩიოს.
ცვლილების მიხედვით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. ბრენდის სახელწოდება შეფუთვაზე ისევ იქნება, თუმცა ნაკლები ხილვადობით. მისი განთავსება ქართულ ენაზე სავალდებულო ხდება, სურვილის შემთხვევაში კი ინგლისური შრიფტითაც დაშვებული იქნება. კოლოფის დიდ ნაწილს კი ჯანმრთელობის რისკების შესახებ გამაფრთხილებელი წარწერები და პიქტოგრამები დაიკავებს.