საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის შესახებ“ პროექტის განხორციელების ეტაპები.
დავითაშვილის თქმით, საკითხზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„იცით, რომ სამინისტროში არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო. სააგენტოსთან მუშაობის შედეგად ჩვენ მოვამზადეთ საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოები. კერძოდ, ეს კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის ეს არის პროექტის იდენტიფიცირება, შემდგომში ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა, პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასება.
იცით, რომ ანაკლიის პროექტი, ამ კანონმდებლობის ამოქმედებამდე იყო ინიცირებული. მაშინ გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა ინვესტორის შერჩევასთან დაკავშირებით, 2014-2016 წლებში. შესაბამისად, ჩვენ უკვე ახალი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ პროცედურების გავლა, მაგრამ ჩვენი შეფასებით, იდენტიფიცირების და ინიცირების ეტაპები გავლილია. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, მაქსიმალურად მოკლე დროში პროექტის განსახორციელებლად დავაჩქაროთ პროცესი და პირდაპირ დაიწყოს კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან. ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ შერჩევის პირობები იყოს მაღალ დონეზე მომზადებული.
აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – სამინისტროს მიეცა საშუალება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი ან ჯგუფები დავიქირაოთ ამ პროცესში მონაწილეობისთვის. იცით, რომ ბევრი სამუშაო უკვე გაკეთებულია. კონკრეტული მაღალი დონის საპროექტო სამუშაოები ჩატარებულია, რაც ხელმისაწვდომია. ასევე ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის, MTBS მიერ 2021 წელს ჩატარდა ეკონომიკური კვლევა, მათ შორის მოხდა ღრმაწყლოვან პორტზე ტვირთნაკადების პროგნოზის შეფასება, ალტერნატიული სცენარების კონკრეტული გაანალიზება, ასევე ფინანსური და ბიზნესმოდელების გაანალიზება და განახლება. ვფიქრობთ, დღეს ხელთ გვიჭირავს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სწორად ჩამოვაყალიბოთ პირობები და ასევე შევარჩიოთ სწორი პარტნიორი პროექტის განვითარებაში.
ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად იყოს განსაზღვრული მოდელი, რა ფორმით იქნება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ საჯარო მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი წარმატებულად განხორციელდეს და მივიღოთ ის შედეგი, რაც ყველას გვინდა. გვინდა, გვქონდეს თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას ემსახურება, ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და ტვირთნაკადს საქართველოს კორიდორში კიდევ უფრო გაზრდის. ასევე მოგვცემს საშუალებას, მეტი დამატებითი ღირებულება შევქმნათ და ლოგისტიკური ოპერაციები ვაწარმოოთ. შესაბამისად, ჩვენ სწორად უნდა ჩამოვაყალიბოთ პირობები და სწორი პარტნიორი შევარჩიოთ ამ პროცესში. დაინტერესება საკმაოდ დიდია. მიმდინარე წელს გვქონდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის ეს იყო ძალიან მსხვილი აბუდაბის პორტების წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც ადგილზე გაეცნო პროექტს. დღესაც გვაქვს სპარსეთის ყურის რამდენიმე დელეგაციასთან შეხვედრები და განხილვები. ასევე იცით, რომ მთელი რიგი ვიზიტები იყო ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომლებსაც ასევე აინტერესებდათ ეს პორტი და საპორტო ინფრასტრუქტურა ზუსტად შუა დერეფნის ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს მოსამზადებელი ეტაპი სამინისტრომ წარმატებით ჩაატარა, რათა გადავიდეთ ახალ ეტაპზე და მოვამზადოთ ინტერესთა გამოხატვის უკვე ფორმალური პროცედურები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.