ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პენტაგონს მიმართა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო კომპლექსების ექსპლუატაციის დაფინანსება თავის თვზე აიღოს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა უკრაინელი სამხედროების კომუნიკაციისთვის. „სიენენის“ ცნობით, მათი რაოდენობა უკრაინაში უკვე 20 ათასია, რაც კომპანიის მტკიცებით, დაახლოებით 80 მილიონი დოლარი დაუჯდა, ხოლო წლის დარჩენილ პერიოდში 120 მილიონ დოლარზე მეტი, მომდევნო 12 თვის განმავლობაში კი შეიძლება, 400 მილიონ დოლარამდე დაუჯდეს.
მედიის ინფორმაციით, წერილში კომპანია მოუწოდებს პენტაგონს, თავის თავზე აიღოს მომსახურების დაფინანსება და გამოყოს ათეულობით მილიონი დოლარი საქმიანობის დასაფინანსებლად.
„სიენენის“ ინფორმაციით, კომპანიის მიერ პენტაგონში გაგზავნილ დოკუმენტებს შორის არის გენერალ ვალერი ზალუჟნის მიერ SpaceX-სთვის გაგზავნილი მოთხოვნა დამატებით 8 000 ტერმინალის მიწოდების შესახებ.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რთულ მდგომარეობაში არიან და არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ გენერალი ზალუჟნის თხოვნა დამატებითი ტერმინალის ან სერვისის მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
დღესვე ილონ მასკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ SpaceX არ ითხოვს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, მაგრამ ამასთან, არ შეუძლია, გამოყოს ახალი სახსრები, მისი მომსახურების ხარჯების დასაფარად,
„SpaceX არ ითხოვს წარსული ხარჯების ანაზღაურებას, მაგრამ ასევე ვერ დააფინანსებს არსებულ სისტემას განუსაზღვრელი ვადით და ვერ შეძლებს კიდევ რამდენიმე ათასი ტერმინალის გაგზავნას, რომლებიც იყენებენ 100-ჯერ მეტ მონაცემებს, ვიდრე ჩვეულებრივი ოჯახები. ეს არაგონივრულია“, – წერს მასკი.
ამასთან, როგორც მედია წერს, მასკმა დაამატა, რომ გაითვალისწინა უკრაინელი დიპლომატის რჩევა, რომელიც გამოეხმაურა მასკის მიერ გამოქვეყნებულ გეგმას უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ.
თვის დასაწყისში, გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა მასკის გეგმასთან დაკავშირებით „ტვიტერში“ დაწერა: „ჯანდაბაშიც წასულხარ – ეს არის ჩემი ყველაზე დიპლომატიური პასუხი, ილონ მასკ“.