"რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის ინიციატივაა, კორონავირუსის ვაქცინით აცრილი თანამშრომლები და მომხმარებლები ბიზნესსექტორმა წაახალისოს. მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ეს არ ნიშნავს აუცრელი მოქალაქეებისთვის უარის თქმას ან თანამშრომლების ხელფასის შემცირებას.
"საჭირო გახდა, რომ ადამიანებს მოვუწოდოთ, აიცრან. ჩემი, შოთა ბურჯანაძის გადასახედიდან ეს ადამიანები ზრუნავენ საკუთარ ოჯახზე და საზოგადოების ჯანმრთელობაზე. ამიტომ მე პირადად, ეს არ არის ასოციაციის ერთობლივი გადაწყვეტილება, ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და ჩემი რესტორნის სტუმრები არიან, ჩემგან მიიღებენ ფასდაკლებას. ასევე, თანამშრომლები, რომლებიც არიან ვაქცინირებულები, მიიღებენ ხელფასზე დანამატს... ეს არის ნაბიჯი, რომელსაც მე გადავდგამ, ალბათ ექნება მხარდაჭერა სხვა ბიზნესოპერატორების მხრიდან - ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული ბენეფიტი მიეცეთ", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მის ინიციატივას სხვა რესტორნებიც უერთდებიან.
დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში Covid-ინფიცირების კუთხით ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება მოვლენები.