ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ალკოჰოლიანი სასმელების სარეალიზაციო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირების საკითხები განიხილეს.
ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს.
„მეღვინეობის დარგის განვითარების პარალელურად, დღის წესრიგში დადგა საჭიროება, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ადგილობრივი ბაზარი; ყველა მწარმოებელი იყოს თანაბარი კონკურენციის პირობებში; მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით კი, გაძლიერდეს მიკვლევადობის ინსტრუმენტები. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ვალდებულები არიან მწარმოებლებს მოსთხოვონ შესაბამისობის სერტიფიკატი და ისე მოახდინონ რეალიზაცია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 100-მდე კომპანიის მიერ წარმოებულ 800 ათასამდე ბოთლზე აქვს გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი ადგილობრივი ბაზრისთვის, რაც ღვინის მწარმოებლების აქტიურობაზე მიუთითებს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
„ბოლო წლებში, ქართული ღვინის იმიჯი ქვეყნის გარეთ მნიშვნელოვნად ამაღლდა. სააგენტოს პრიორიტეტია და უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც მაქსიმალურად იყოს დაცული. ამავდროულად, სურსათის ეროვნული სააგენტო მიესალმება და მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ბიზნესსექტორთან“, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, საკანომდებლო ცვლილება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა. შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ 2021 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, სავალდებულო სერტიფიცირება საექსპორტო პროდუქციას სრულად, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებსა და ჭაჭას ეხებოდა.