ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო სწორი და გონივრული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.
ბიზნესასოციაციაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესატყვისება ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირებულ მაჩვენებელს, რომელიც ამ ეტაპზე სამიზნე მიზნობრივ ნიშნულზე, კერძოდ, სამ პროცენტზე დაბალია.
„მისასალმებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით ადევნებს თვალს როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ასევე მიჰყვება იმ გლობალურ ტენდენციას, რომელიც 2024 წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება თავისთავად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან, ერთი მხრივ, იზოგება ხარჯები, რაც ბიზნესის ზრდაში გარდაისახება, მეორე მხრივ კი, აღნიშნული ქმნის პოზიტიურ განწყობებს და სიგნალს აძლევს ბიზნესს, დამატებით მოიზიდოს საინვესტიციო კაპიტალი.
შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილება წაახალისებს ბიზნესაქტივობას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, გამოიწვევს მეტ დაკრედიტებას და, რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ზრდას“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაში.