საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია “საქკაბელი”, “ბონსაი მესხთან” სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. თანამშრომლობა მდგრადი და მწვანე ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება და ბონსაის კულტურაზე ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა აქტივობას გააერთიანებს. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი “საქკაბელის” მმართველმა დირექტორმა, დავით კაპანაძემ და “ბონსაი მესხის” დამფუძნებელმა, ნიკოლოზ მესხმა მოაწერეს. “საქკაბელი” “ბონსაი მესხის” ექსკლუზიური პარტნიორი იქნება, რის ფარგლებშიც როგორც ფართო აუდიტორიას, ასევე კომპანიის თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცემათ ახლოდან გაეცნონ ბონსაის კულტურას და დაამყარონ ბუნებასთან კავშირი.
ბონსაი მინიატურული ხეების სპეციალური ტექნიკით გაზრდის იაპონური ხელოვნებაა, ხოლო ბონსაის ფორმირებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს სპილენძი წარმოადგენს. უკვე რამდენიმე წელია, “საქკაბელის” მხარდაჭერით, ბონსაების შექმნა საკაბელო პროდუქციით ხორციელდება.
"მოხარული ვართ, რომ “ბონსაი მესხთან” პარტნიორობა ახალ სახეს იძენს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი პროდუქციით შეგვაქვს წვლილი ბონსაის ფორმირებაში, არამედ, გვეძლევა შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ მის პოპულარიზაციას და ცნობიერების ამაღლებას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ბონსაი ჩვენს კორპორატიულ კულტურაში სხვადასხვა მიმართულებით დაინტეგრირდება, იქნება ეს თანამშრომლებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, ვორქშოპები თუ სხვ. მსგავსი ტიპის რეკრეაციული აქტივობები გვეხმარება, მეტად დავუკავშირდეთ ბუნებას და ვიზრუნოთ მასზე. კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ‘’საქკაბელი’’ აქტიურად აგრძელებს საკუთარ საქმიანობაში მდგრადი მიდგომების დანერგვას, იქნება ეს საწარმოო პროცესებში განახლებადი ენერგიის მოხმარება, ნარჩენების გადამუშავება თუ სხვ. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც დავუჭიროთ მხარი ისეთ ინიციატივებს, რომელიც მიმართულია მდგრადი და მწვანე მომავლის შექმნაზე”, - აცხადებს “საქკაბელის” მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.
“საუკუნეების წინ ჩინეთში დაბადებული მინიატურული ხეების შექმნის ტრადიცია, ახლა უკვე მთელ მსოფლიოშია პოპულარული. საქართველოში ბონსაის შესახებ ინფორმაცია ცოტა ადამიანს თუ აქვს და ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. მოხარულები ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა “საქკაბელთან” - კომპანიასთან, რომელიც იზიარებს ჩვენს ენთუზიაზმს ბონსაის კულტურისადმი. მათთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ფართო აუდიტორია ვაზიაროთ ბონსაის ცოცხალ ხელოვნებას, რომელზე მუშაობა და ზრუნვა არასდროს მთავრდება”, - აცხადებს “ბონსაი მესხის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ მესხი.
შეგახსენებთ, „საქკაბელი“ ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას 67-ე წელია იკავებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ „საქკაბელი“ ფლობს RoHS სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმებს წარმოებულ პროდუქციაში ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მავნე ელემენტების შემცველობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, „საქკაბელის“ პროდუქციას მინიჭებული აქვს CE მარკირება, რაც ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა.