ჯანდაცვის მინისტრი ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მიმართავს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის მკაცრი და პრინციპული იქნება. ასე გამოეხმაურა ზურაბ აზარაშვილი უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას.
საქმე ის არის, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე ლარით დააჯარიმა. სააგენტოს უფროსის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქმე ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამას უკავშირდება, სადაც თითოეულ დაჯარიმებულ კომპანიას იდენტური ფასები ჰქონდა დაფიქსირებული. სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯარიმები 4 კომპანიას შეეხება.
„დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში მყარი ეჭვებისა და არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით, დღეს კონკურენციის სააგენტომ თითქმის 9-თვიანი მოკვლევის საფუძველზე გაასაჯაროვა შედეგები, რომელიც ძალიან სამწუხაროა. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ ვერაგული მეთოდების გამოყენებას, თან ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ - ფასის გაზრდას მედიკამენტებზე.
ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 3-4-ჯერ გაიზარდა, რის საფუძველზეც ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში რჩებოდნენ. რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კონკურენციის სააგენტოს, რომელმაც კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს და დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე და სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.