გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2020 წელს 16 ახალი საწარმო შეიქმნა.
კერძოდ, როგორც ლევან დავითაშვილმა 2020 წლის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა, მიმდინარე წელს, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 6 გადამამუშავებელი და 10 შემნახველი საწარმო, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 19 მლნ ლარს აჭარბებს.
გარდა ამისა, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების მიმართულებით 56 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 28 მლნ ლარზე მეტია. შემნახველი საწარმოების მიმართულებით დაფინანსდა 43 პროექტი - ჯამური საინვესტიციო ღირებულება 53 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის სახელმწიფო თანადაფინანსება 23 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გრანტის მიღების პარალელურად, ბენეფიციარებს შეეძლოთ საინვესტიციოდ ესარგებლათ შეღავათიანი აგროკრედიტითაც“, - თქვა დავითაშვილმა.