საქართველოში სარესტორნო სფეროში მუშახელის მნიშვნელოვანი დეფიციტის და უცხოელი კადრების დასაქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ დაადასტურა.
როგორც ბურჯანაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა, მუშახელის არ არსებობის გამო იძულებული გახდნენ განიხილონ შესაძლებლობა, სამუშაო ძალის უზბეკეთიდან ჩამოყვანის შესახებ.
BUSINESS TIME-ის კითხვაზე: რამ განაპირობა კადრების ამგვარი დეფიციტი, მაშინ როცა ქვეყანაში ამდენი უმუშევარია და ხომ არ უკავშირდება ეს პრობლემა დაბალ ანაზღაურებას, ან გადაჭარბებულ სამუშაო განრიგს, – ბურჯანაძე პასუხობს, რომ პრობლემა მენტალობაშია და არაფერ შუაშია სხვა დანარჩენი.
მისივე განმარტებით, ანაზღაურებას არავინ იწუნებს, ვინაიდან, სფეროში ხელფასები საკმაოდ გაზრდილია, როგორც მზარეულის ასევე, მიმტანის, დამლაგებლის, მრეცხავის და დამხმარის.
„8 საათიანი განრიგი აქვთ, არც ანაზღაურებაა დაბალი, ვერავინ იტყვის რომ ცოტას იხდიან რესტორნებში, უბრალოდ კადრი არ არის, ვფიქრობ მენტალობის პრობლემა უფროა, ვიდრე სხვა რამის. თუ დღეს ვინმე იტყვის, რომ ცოტას უხდიან და იმიტომ არ მიდის სამუშაოდ, სწორედ ეს არის ის კატეგორია ვისაც სურს, რომ მისი მენტალური პრობლემა გაამართლოს იმით, რომ ცოტას უხდიან. აღარაა დღეს ისეთი ანაზღაურება როგორც ადრე იყო 15 და 20 ლარი. უბრალოდ აქ არის სხვა რამ, ადამიანები, რომლებიც არიან საზღვარგარეთ და აქ ოჯახის წევრებს არჩენენ, უნდათ, რომ მათი შვილი, და, ძმა თუ ა.შ იყოს მინიმუმ დირექტორის თანამდებობაზე, შესაბამისად ჩვენ სფეროში საჭირო მუშახელთან ეს შეუსაბამობაშია. ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ გვრჩება მოგვიწევს კადრების შემოყვანა, ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენი სფეროსთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. საუბარი გვაქვს უშუალოდ უზბეკეთიდან ხალხის ჩამოყვანაზე, რათა ისინი დავასაქმოთ. ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.