კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტით 3.75 მილიონი აბონენტი სარგებლობს, რაც წინა წელთან შედარებით, თითქმის ნახევარი მილიონით – 494 ათასით მეტია.
კომისიის მონაცემებით, გასულ წელს ყველაზე მეტი, 1.35 მლნ მობილური ინტერნეტის აბონენტი „სილქნეტს“ ჰყავდა, 1.34 მლნ – „მაგთიკომს“, ხოლო 1.06 მლნ აბონენტი „ბილაინის“ მობილურ ინტერნეტს იყენებდა.
„მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება და საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით 109 პროცენტს შეადგენს. 2017 წლიდან 2021 წლის ბოლომდე მობილური ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ საშუალოდ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წელთან შედარებით, ზრდა 15 პროცენტი იყო. 2021 წელს მობილური ინტერნეტტრაფიკი რეკორდულად მზარდი იყო.
მობილური მომსახურების აბონენტებმა, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 65 პროცენტით მეტი – 311 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს. აღნიშნული განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე, ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით.
მობილური ინტერნეტის მოხმარების ზრდა, ასევე 4G ქსელისა და მომსახურების განვითარებით არის გამოწვეული, რასაც პანდემიიდან გამომდინარე ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნა დაემატა.
2021 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტმოხმარების 91 პროცენტი 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელზე ექვსი პროცენტით მეტია. 4G ტექნოლოგიის მოხმარების ზრდასთან ერთად, იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის რაოდენობა. 2021 წელს 3G-ის მოხმარებამ ცხრა პროცენტი, ხოლო 2G-ს – 0.1 პროცენტი შეადგინა. 4G ტექნოლოგიის ტრაფიკის წილის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „ბილაინს“ აქვს 92.5 პროცენტი, „მაგთიკომს“ – 92.3 პროცენტი, ხოლო „სილქნეტს“ – 87.7 პროცენტი“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.