პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოში ყველაზე მეტად ჭირს არა სამუშაო ადგილები, არამედ მშრომელი, კვალიფიციური ადამიანების რესურსი.
როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ეს განცხადება არაპოპულარულია, თუმცა რეალობა ეს არის.
„დღეს ცოტა არაპოპულარული რამე უნდა ვთქვა. ყოველი გამოსვლა იწყება იმით, რომ ქვეყანას სიღარიბე, უმუშევრობა და ყველაფერი უბედურება კლავს. შევხედოთ ამ დროს რეალობას - ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირს მშრომელი, კვალიფიციური ადამიანის რესურსი.
მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით განათლება კიდევ უფრო მეტად პრიორიტეტული უნდა იყოს. საქართველოში სამუშაოს ნაკლებობა არ არის, ჩვენთან არის ნაკლებობა სწორად ორიენტირებული, სწორად შეცვლილი ქცევის, სწორად ორიენტირებული პროფესიული განათლების და ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული მიწოდების.
თითოეული ჩვენი ოჯახი სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვგეგმავდეთ ცხოვრებას. პროფესიული განათლება თავისი ხარისხით და მასშტაბით არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი. სხვა მხრივ, რაც არ უნდა ვზარდოთ ბიუჯეტი და სოციალურ დახმარებებში ვარიგოთ, შედეგი არ გვექნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.