ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ისეთი ბიზნესგარემოა, რომელიც ქართველ ინვესტორებს $100 მლნ-ის ინვესტირების ხალისს უჩენს. ამის შესახებ ნათია თურნავამ აჭარაში, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრმა აჭარას და აჭარლებს მსგავსი მასშტაბური პროექტის დაანონსება მიულოცა და ინვესტორ კომპანია „ამბასადორს“ მხარდაჭერა აღუთქვა.
"ჩვენ მომსწრე ვართ ძალიან ამბიციური, მასშტაბური, მომავლის პროექტის პრეზენტაციის, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა.
მინდა მივულოცო აჭარას, აჭარის ხელმძღვანელობას, ბათუმს და ინვესტორს ასეთი საინტერესო, მასშტაბური, ამბიციური იდეა, როგორიცაა „ამბასადორი ბათუმი აილენდი“. მისი მეშვეობით აქ შავი ზღვისპირეთში 90 ჰა-ზე ხელოვნური კუნძულებისა და ნახევარკუნძულების შექმნა იგეგმება, სადაც მომავალში ახალი ქალაქი გაშენდება. დაახლოებით 500 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი, სავაჭრო, გასართობი ინდუსტრია, ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტი, რომელიც არაერთ ტურისტს და სტუმარს მოიზიდავს. ეს გრანდიოზული პროექტია - სულ მცირე 100 მლნ დოლარი, ანუ 300 მლნ ლარის ინვესტიცია რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. ასევე მინიმუმ 2 000 ადამიანის დასაქმება, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, რადგან ეს არამხოლოდ ტურიზმის ახალი განვითარების პლატფორმა და ტალღაა, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ეს უდიდესი ინვესტიცია საკმაოდ საინტერესოა თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით, საკმაოდ რთულად განსახორციელებელი, მოითხოვს დეტალურ კვლევას, რაზეც ინვესტორი სრულ პასუხისმგებლობას იღებს და უახლოესი თვეების განმავლობაში ყველა აუცილებელ კვლევას განახორციელებს, რომელიც ამ პროექტის მიმზიდველობას და განხორციელებადობას დაადასტურებს. ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება, რადგან დღეს საქართველოში შექმნილია ისეთი ბიზნეს გარემო, რომელიც ქართველ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას და უჩენს ხალისს, ასეთ - საუკუნის, ამბიციურ - პროექტებს მოჰკიდონ ხელი და 100 მლნ დოლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღონ აქ - საქართველოში, აჭარაში, ბათუმში.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ასეთი სამომავლო საქართველო გვინდა ჩვენ - მშვიდობიანი, სტაბილური, განჭვრეტადი ბიზნეს გარემოს, განჭვრეტადი ბიზნეს გეგმების, მეტი დასაქმების გარანტიას ვიძლევით ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება და ეს ასე იქნება.
გვინდა აღგითქვათ გვერდში დგომა ამ ურთულესი პროექტის განხორციელებისას, დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი საინტერესო წამოწყება, რომელიც თავის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
აჭარა