საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან.
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება „მწვანე პასპორტის“ გაუქმების მიზეზებს, ღიბრაძის თქმით, ამის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და „რეალურად, ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის“.
ღიბრაძის განმარტებით, „მწვანე პასპორტის“ გაუქმების გადაწყვეტილება ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელთან კავშირში არ არის, ვინაიდან აცრა ნებაყოფლობითია და არა ვალდებულება.
„თავიდანვე გაჟღერებული იყო, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. ამიტომ ეს არის მოსახლეობის არჩევანი და 42% უკავშირდება არა ვაქცინის ვალდებულებას, არამედ სურვილს, რომ აიცრას. ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს. „მწვანე პასპორტის“ გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და რეალურად, ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის. შესაბამისად, იმ ხალხს, ვისაც ესაჭიროება „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია. ქვეყნის შიგნით „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო აღარ იქნება,“ - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა.
სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.