ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება.
შეხვედრა გეგმის მიხედვით, ნახევარ საათს გასტანს, რის შემდეგ მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებების გაკეთებაა დაგეგმილი.
ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრამდე, სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის. ასევე, ევროკომისარს იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსს.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი სტონტელბერგან შეხვედრის შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს 2 დღის წინ ეწვია. ბრიუსელში პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის ლიდერებთან - ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დავიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერთან და ბელგიის მეფე ფილიპესთან.