დელეგაციას ჩინეთის სპირტიანი სასმელების ეროვნული ასოციაციის (China National Association for Liquor and Spirits Circulation) ვიცეპრეზიდენტი იუან ლიუ (Yuan LIU ხელმძღვანელობდა; დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების იმპორტ-ექსპორტის სექტორის მსხვილი კომპანიების (Jilin Sifang Trading Co, Zhangjiakou Sugar and Wine Food Co, Liaoning Xinhong Yingmin Industrial Co, Henan Wine Convenience Commercial Co, Baofeng Baijiu Industry Sales LLC,aofeng Baijiu Industry Co), ასევე, ჩინეთის სპირტიანი სასმელების ეროვნული ასოციაციისა და ჩინეთის საკვებისა და ფერმენტაციის ინდუსტრიის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დელეგაციის წევრებმა, ქართლსა და კახეთში, ღვინის მწარმოებელი საწარმოები დაათვალიერეს, სადაც ღვინის დაყენების როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მეთოდებს გაეცნენ.
სტუმრებისთვის, თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაცია - „Walkaround Tasting“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის სხვადასხვა ღვინო.
დელეგაციის ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ჩინური მარკეტინგული კომპანიის „China National Association for Liquor and Spirits Circulation“ ორგანიზებით განხორციელდა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.
2023 წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულმა ღვინის მწარმოებლებმა მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში „The 108 th China Food & Drinks Fair" ქართული ღვინის მასშტაბური სემინარი/დეგუსტაცია გაიმართა ჰონგ-კონგში; ჩატარდა ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამა- ტრენინგი, რომელსაც ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა; ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ქალაქ შენჭენში გამართულ გამოფენაზე "China Food & Drinks Fair". მიმდინარე წლის ბოლომდე, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ შანხაიში საერთაშორისო გამოფენებში „CIIE China” და „Prowine Shanghai”, ასევე, „ქარვისფერი ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმში“ და ქართული ღვინის მასტერკლასში, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება დეგუსტაციაზე ხაინანის პროვინციაში.