საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ასოციაციაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელეს, რის საფუძველზეც საბჭოს წევრებმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. კომიტეტს კომპანია Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი უხელმძღვანელებს.
„საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის, ე.წ. შუა დერეფნის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ამასთან, ლოგისტიკის ეფექტურობის ინდექსის (LPI) გაუმჯობესება ხელსაყრელ ბიზნესგარემოს შექმნის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ჩემთვის პატივია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ამ მიმართულების გაძღოლა და დარწმუნებული ვარ, რომ კომიტეტის საქმიანობა წარმატებული იქნება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტი მიზნად ისახავს, ქვეყანაში ეფექტური სატრანსპორტო-საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო და ლოგისტიკური მომსახურების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავებას და, მათი დანერგვის მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას.
კომიტეტის საქმიანობა, ასევე, გულისხმობს დარგის მარეგულირებელი როგორც არსებულის, ასევე სამომავლოდ ასამოქმედებელი ნორმატიული ბაზის შესწავლას, რათა ის პასუხობდეს ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ასოციაციაში ახალი კომიტეტის ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც ამ მიმართულებით ასოციაციის საქმიანობას კიდევ უფრო ნაყოფიერს და ეფექტიანს გახდის. ტრანსპორტი და ლოგისტიკა ერთ-ერთი წამყვანი დარგია ჩვენს ქვეყანაში და მას მშპ-ში სოლიდური წილი უკავია.
ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა წევრი კომპანიების ობიექტური ინტერესების დაცვა და ადვოკატირება ყველა მიმართულებით და ყველა დონეზე და ამ გზით საქართველოში ბიზნესის და, შესაბამისად, ეკონომიკის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. ასოციაციაში უკვე არსებული და ახალი კომიტეტების გამართული და წარმატებული ფუნქციონირება კი ჩვენი მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში მნიშვნელოვნად გვეხმარება“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.