gorgia
ავერსი legi

საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით, ქვეყანას ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JPMorgan-ი, Morgan Stanley Investment Management-ი, Kirkoswald-ი, Aberdeen-ი, MetLife-ი და სხვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი ინვესტორები სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. გარდა ამისა, ერთობლივი შეხვედრა გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან.

შეხვედრისას ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს გააცნობენ. ასევე მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე.

„ამერიკელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. მსგავსი ფორმატის შეხვედრების ფარგლებში ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკელი ინვესტორების ნდობას და საქართველოსადმი მაღალ ინტერესს“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი ინვესტორების ჯგუფი ასევე მონაწილეობას მიიღებს კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც წელს „თიბისი კაპიტალის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით იმართება.

58