საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა.
საქართველომ ასევე წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარე კიდევ ერთი პარალელური საინვესტიციო დავა Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას $112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ჯერჯერობით უცნობია ამ ორი განაჩენიდან რომლის აღსრულება მოუწევს საქართველოს, რადგანაც არსებული განმარტებით ორივე დავის კომპენსაცია არ იკრიბება.
Inter Rao-სთან დავის საგანს სატარიფო გაუგებრობა წარმოადგენდა. ინვესტორის არგუმენტი იყო ის, რომ საქართველომ საინვესტიციო შეთანხმების და საინვესტიციო მემორანდუმის პირობები დაარღვია, რითიც მას მრავალმილიონიანი ზარალი მიადგა.
ინფორმაციისთვის, Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.
როგორც თავად “თელასის” 2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა.
BMG