ქვეყანაში წვრილფეხა პირუტყვის ჭირის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, შესაბამისად, აზერბაიჯანის მხრიდან ცხვრის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია.
მიმდინარე წელს, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის ლაბორატორიულად დადასტურებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოპერატიულად გაატარა დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები, რაც გულისხმობს ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობის გაძლიერებას, ვაქცინაციას, დეზინფექციას და სხვა შესაბამის აქტივობებს. სააგენტომ ინფორმაცია დროულად მიაწოდა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. დაავადებასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სააგენტოს უსასყიდლოდ გადასცა 1 მლნ დოზა ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა და დამხმარე აღჭურვილობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ კომუნიკაციაშია ფერმერებთან, მეცხვარეთა ასოციაციასთან და ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს, გასცემს რეკომენდაციებს ფერმებში ბიოუსაფრთხოების ზომების, ცხოველის სადგომის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მნიშვნელობაზე და ინფექციური და პარაზიტული დაავადებების საწინააღმდეგოდ გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც ეხმარება ფერმერებს, თავიდან აირიდონ ცხოველების დაავადებითა და სიკვდილიანობით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი. აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WOAH). ორგანიზაციის ექსპერტების რეკომენდაციებით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.