gorgia
ავერსი legi

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მიმდინარე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის საგაზაფხულო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს საქართველო 2027 წელს უმასპინძლებს.

საქართველომ განაცხადი, 2027 წელს გამხდარიყო OIV-ს მსოფლიო კონგრესის მასპინძელი ქვეყანა, ოფიციალურად 2025 წელს წარადგინა.

OIV-ს საგაზაფხულო სესიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო.

„OIV მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება საქართველოს როლს ღვინის კულტურის მსოფლიო რუკაზე, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანაა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და მისი სახელის დამკვიდრებას გლობალურ ბაზარზე“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს უკვე ორჯერ უმასპინძლა – 1962 წელს 33-ე საერთაშორისო კონგრესს, ხოლო 2010 წელს – ორგანიზაციის მე-8 გენერალურ ასამბლეას.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელიც 51 წევრ ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის, საქართველოს. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს წევრ ქვეყნებში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში რეკომენდაციების შემუშავებას, ღვინის წარმოებისა და ყურძნის გადამუშავების პრაქტიკის გაუმჯობესებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შექმნასა და განვითარებას.

66