საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“, გამოავლინეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონლის შემოტანის ორი ფაქტი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მოქალაქემ, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა 15 762 ლარის ღირებულების 12 დასახელების მედიკამენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის რესპუბლიკიდან, მალულად გადმოიტანა დაახლოებით 56 000 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.