
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს მიმართ მზარდი ინტერესი აქვთ.
თურნავა საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს. სებ-მა მისი ვიდეო კომენტარი გაავრცელა, სადაც თურნავა ვიზიტზე საუბრობს და ამბობს, რომ პოტენციური ინვესტორების ნაწილი უკვე გახდა რეალური ინვესტორი, რაც სასიხარულოა.
"დღეს ვიწყებთ ოფიციალურ შეხვედრებს აშშ-ში, ვაშინგტონში. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრებში, ეს არის რეგულარული პლატფორმა, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავარი ბანკირები და ასევე ფინანსთა მინისტრები, მთავრობის წევრები იმისთვის, რომ ისაუბრონ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან მიმდინარე პროექტებზე, თანამშრომლობაზე, სამომავლო პერსპექტივებზე და ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართონ თავის კოლეგებთან.
ჩვენთვის ეს ყოველთვის არის შესაძლებლობა ასევე, რომ შევხვდეთ საერთაშორისო ინვესტორებს. ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ინტერესი საქართველოში ინვესტირებისადმი იზრდება და კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა, რომ ის ინვესტორები, ვინც აქამდე მონაწილეობდნენ ჩვენთან მსგავს შეხვედრებში, პოტენციური სტატუსიდან უკვე, ასე ვთქვათ, გადმოვიდნენ რეალური ინვესტორების სტატუსში, ანუ დავარწმუნეთ, რომ საქართველო არის საინტერესო, მაკროეკონომიკურად სტაბილური, მუდმივად მზარდი ეკონომიკა, სადაც საკმაოდ სარფიანი არის და უსაფრთხო ინვესტიციების განხორციელება და ძალიან მაღალი არის ინტერესი. ასე რომ, გვექნება შესაძლებლობა წამყვანი ამერიკული ბანკების ორგანიზებით ინვესტორთა დიდ ჯგუფებს შევხვდეთ. აქ, როგორც მოგახსენეთ, არიან როგორც უკვე არსებული ინვესტორები, ვინც აქტიურად აბანდებენ თანხებს, მათ შორის ჩვენს სახაზინო ვალდებულებებში, კორპორატიულ ფასიან ქაღალდებში, ასევე პოტენციური ინვესტორები, ვისაც დიდი ინტერესი გააჩნია საქართველოსთან",- ამბობს ნათია თურნავა.
აშშ-დან FDI
ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.7%-ით 48.6 მლნ დოლარამდე შემცირდა.
აშშ-დან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის FDI 2023 წელს ჩაიდო. გასული 5 წლის სტატისტიკა კი ასეთია:
2020 წელი - $99 მლნ;
2021 წელი - $21.2 მლნ,
2022 წელი - $178.8 მლნ;
2023 წელი - $186.2 მლნ;
2024 წელი - $71.3 მლნ.