რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას "არამეგობრულ ქვეყნებთან" გაზით ვაჭრობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული ქვეყნებისთვის გაზს რუსულ რუბლში მიყიდვას, ხოლო თუ ეს ქვეყნები ხვალ, 1-ლი აპრილიდან რუბლებით არ გადაიხდიან საფასურს, არსებული კონტრაქტები გაუქმდება.
პუტინის თქმით, საზღვარგარეთ რუსული აქტივების გაყინვამ აჩვენა, რომ დასავლეთი თავის ფინანსურ სისტემას "იარაღად იყენებს".
"რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად, მათ უნდა გახსნან რუბლის ანგარიშები რუსულ ბანკებში" - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსულ გაზს რუბლით არ იყიდიან. ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა G7-ის ენერგეტიკის მინისტრებთან კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა ... შეთანხმებები ძალაშია და კომპანიებმა პატივი უნდა სცენ მათ... რუბლით გადახდა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ კომპანიებს არ შეასრულონ პუტინის მოთხოვნები."– განაცხადა მან.