janmedi
ავერსი ნემო

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ თბილისის მერიამ კიდევ ერთხელ დააჯარიმა. ამჯერად, კომპანიას 1 334 ლარის გადახდა მოუწევს — მერიის მონიტორინგის სამსახურმა დარღვევა ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“ არსებულ მონაკვეთზე გამოავლინა. 

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 18 ნოემბერს გამოქვეყნებული საჯარიმო წერილიდან ირკვევა, კომპანიამ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ შეასრულა. წერილში მითითებულია, რომ 16 ნოემბერს, 23:10 საათზე ჩატარებული ინსპექტირებისას, ობიექტზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა, რაც ხელშეკრულების პირობების დარღვევაა.

აღნიშნული დარღვევისთვის კომპანიას 1 334 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. საერთო ჯამში, „სმარტ სოლუშენსი“ უკვე 20-ჯერ დააჯარიმეს, ჯარიმების საერთო მოცულობამ კი 27 ათას ლარს გადააჭარბა.

შპს „სმარტ სოლუშენსი“ სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორები ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა არიან, 100%-იან წილს კი ლევან გოგსაძე ფლობს. მიმდინარე წელს კომპანიამ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო შესყიდვების რვა ტენდერში, თუმცა ამ დრომდე გამარჯვებული არცერთში არ გამხდარა.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. თავდაპირველი გეგმით, სამუშაოები ოთხ თვეში, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 20 მილიონ 487 ათასი ლარია, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული „სმარტ სოლუშენსი“ ასრულებს.

ცალკე ტენდერია გამოცხადებული გამზირის ტროტუარების რეაბილიტაციაზეც, რომლის ჯამური ღირებულება 7 მილიონ 808 ათას 234 ლარს შეადგენს.

72