“ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის თქმით, რომ შეეძლოს ბანკი იმ ფასად გაყიდოს, რამდენადაც იყიდა, ამას სიამოვნებით გააკეთებდა.
“ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, მათი მხარე მიესალმება კონტრაქტის გადახედვას, რომლის მიხედვითაც ბანკი 2011 წლიდან სოციალურ გასაცემლებს გასცემს:
“დიდი ხანია და რატომღაც არჩევნების წინ ხდება ხოლმე, რომ მიზანმიმართულად მიდის ჩემი ბანკის და პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა. ეს ყველაფერი ემყარება ან უბრალოდ სიცრუეს, ან იმას, რომ ადამიანებს ფაქტები არ ესმით. ჩვენ გვაქვს 2011 წელს დადებული მახინჯი კონტრაქტი, შორს რომ არ წავიდე, უამრავი რამის საშუალებას არ იძლევა. დღეს ჩვენი ბანკი არის სიტუაციაში, რომ საპენსიო სესხებზე რაც შეგვეძლო, პროცენტი დავწიეთ. სამი წლის წინ შემოვედით ამ ბანკში და ბანკის მოგება მაშინ იყო 22 მილიონი დოლარი და ზუსტად ამ პროცენტების დაწევის შემდეგ წელს მოგება იყო 13 მილიონი და ამის შემდეგ გავედით წაგებაზე.
კაპიკი არ გამიტანია ამ ბანკიდან. რომ შემეძლოს იმ ფასად გავყიდო, რა ფასადაც ვიყიდე, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვინდა და გვიხარია, რომ ეს კონტრაქტი გადაიხედება”, – აცხადებს ირაკლი რუხაძე.
კონტრაქტის გაწყვეტის საჭიროებას ხედავს ბანკის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელიც. მისი თქმით, “ლიბერთი” მზადაა საოციალური მომსახურების სააგენტოსთან კონტრაქტი დღესვე გაწყვიტოს:
“აუცილებელია ახალი ტენდერის გამოცხადება. ტექნიკური შესაძლებლბა თუ იქნება, მზად ვართ, ეს კონტრაქტი დღესვე გაწყდეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება და ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია, ტენდერის ჩატარების პროცესი იყოს აუცილებლად გამჭვირვალე და ჩვენი როლი თუ რამე იქნება, რომ დავეხმაროთ მის გაჭვირვალედ ჩატარებაში, მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით. ჩვენ ჩვენს მომხმარებელზე გავაგრძელებთ ზრუნვას“, – აცხადებს ვასილ ხოდელი.
“ლიბერთი ბანკს” ამჟამად ხელშეკრულება 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. აპრილის თვეში სოციალური მომსახურების სააგენტომ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, რომ უწყებამ 2019 წელს ბაზრის კვლევა დაიწყო და შეხვედრები გამართა რამდენიმე კომერციულ ბანკთან, თუმცა, სურვილის მიუხედავად, ტენდერში მონაწილეობა არცერთ ბანკს არ სურდა, რადგან ისინი ინფრასტრუქტურულად არ იყვნენ მზად ამისთვის.
24 ივნისს განცხადება გაავრცელა “ლიბერთი ბანკმაც”, რომლის თანახმადაც, ბანკი როგორც ადრე, ასევე ახლაც თანახმაა, გამოცხადდეს ტენდერი და პენსიის გაცემის მომსახურება სხვა ბანკმა გადაიბაროს. ბანკის განცხადებით, 2018 წლიდან სესხის განაკვეთი მაქსიმალურად შეამცირა და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65%-მდე დაიყვანა.
“საპენსიო სესხებზე არსებული 30.65% არის ის რეალური ნიშნული, რომელზე ნაკლებადაც, ჩვენი შეფასებით, სხვა კომერციული ბანკებიც არ გასცემენ მცირე მოცულობის, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს უფროსი ასაკის მომხმარებელზე. ამასთან, არსებული კონტრაქტის ფარგლებში, როცა ლიბერთი სხვა არანაირ გადასახადს არ ახდევინებს პენსიის მიმღებ პირებს, 30.65%-დან მიღებული საპროცენტო შემოსავალი სრულად ვერ ანაზღაურებს ბენეფიციარების უფასო მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს”, - აცხადებს “ლიბერთი ბანკი